ჯვრის ტარებით უხერხულობას არ შევუქმნი აქ შეკრებილ მრავალი სარწმუნოების ადამიანს - მაკა სულაძე

25.05.21 19:08
ჯვრის ტარებით უხერხულობას არ შევუქმნი აქ შეკრებილ მრავალი სარწმუნოების ადამიანს - მაკა სულაძე

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი, მაკა სულაძე, აცხადებს, რომ თბილისში, საპროტესტო აქციაზე ქრისტიანულ ჯვარს არ ატარებს, რათა იქ მყოფ სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანს უხერხულობა არ შეუქმნას.

თბილისი მრავალეროვანი ქალაქია და დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი სარწმუნოების ადამიანი ბრძანდება, რადგან მათთვისაც ძვირფასია ქართული მიწა. ჩემი ჯვრის ტარებით მათ არ შევუქმნი უხერხულობას, ეს არის მაგალითი იმათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ატაროს და ამით მისი თავი განსხვავებულად წარმოაჩინოს. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ. ვისწავლოთ ერთმანეთის შეგუება, სიყვარული, ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვოცნებობთ. მაშინ დაგვილაგდება ჩვენი ქვეყანა. გადავხედოთ ერთმანეთს და ნუ ვიკითხავთ, ვინ რომელი პარტიის წევრია და ვინ რა რელიგიის წარმომადგენელია.  უბრალოდ დაინახეთ ადამიანი, რომელიც ყველას სჭირდება. გვიყვარდეს ერთმანეთი - განაცხადა აქციაზე მაკა სულაძემ. 

სულაძემ აქციის დასაწყისში, ვაზის ჯვარი საკუთარი ხელით შეკრა და მას ყველა გამოსვლაზე ატარებდა. 

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ამ წუთებში თბილისში, ფილარმონიის წინ მიმდინარეობს. ორგანიზატორთა თქმით, ხვალიდან ისინი ნამოხვანში გადაინაცვლებენ და ადგილზე გააპროტესტებენ ჰესის მშენებლობას.