საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26.05.21 10:23
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 103 წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ქვეყნის ეროვნული დღესასწაული პანდემიის გამო, წელს შეზღუდულ ფორმატში აღინიშნება. ეროვნული დღესასწაული  250-მდე ახალწვეულის მიერ ფიცის დადებით გაიხსნება.

რეკრუტები სამხედრო  ფიცს უმაღლესი მთავარსარდლის, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დადებენ.

პარალელურად,  ფიცის დადების ცერემონიალი 5 ადგილზე - მათ შორის, სვანეთში, ფარავნის ტბაზე, მცხეთაში, აჭარაში და კახეთში გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე დილიდან  განთავსებულია ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა "დიდგორის" სხვადასხვა მოდიფიკაცია.

დღესვე დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის,  გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

ცერემონიის დასასრულს კი თავისუფლების მოედანს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაუფრენს. ეროვნული დღესასწულის კულმინაცია კი  ოპერის თეატრში გალა კონცერტი იქნება.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია 25 მაისს გაიმართა. 

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.