ოკუპირებული ცხინვალი გეგმავს, ბელარუსის პარლამენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების თხოვნით მიმართოს
ოკუპირებული ცხინვალი გეგმავს, ბელარუსის პარლამენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს. ინიციატივის ავტორი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალან ტეხოვი იყო.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ ადრე რაღაც პოლიტიკური შედეგები უშლიდა ხელს, მათ შორის სანქციები, დღეს ისინი უკვე არის. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე თავისი ხაზით უნდა იმუშაოს, - აღნიშნა დეპუტატმა.
ეს საკითხი შემდგომი განხილვისთვის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა დრიაევს გადაეცა.
2021 წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განმარტა, რატომ არ აღიარა ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. მისი თქმით, აღიარების შემთხვევაში დასავლეთი სანქციებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი ეკონომიკური მხარაჭერის გამოცხადებაზე უარი უთხრა.
2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა. იმავე წლის თებერვალში ლუკაშენკომ ბჟანია მინსკში მიიღო.