სუსი ირწმუნება, რომ გასულს წელს საქართველოში არცერთი ტერორისტული ინციდენტი არ დაფიქსირებულა

06.07.23 15:57
სუსი ირწმუნება, რომ გასულს წელს საქართველოში არცერთი ტერორისტული ინციდენტი არ დაფიქსირებულა

სუსი ამტკიცებს, რომ საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების, ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ საუბარი უწყების 2022 წლის ანგარიშშია. 
დოკუმენტის თანახმად, ადგილი არც ტერორისტული ინციდენტებს ჰქონია.
 

„ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და გამოძიების მიმართულებით წამყვანი უწყება, მჭიდროდ თანამშრომლობს კონტრტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება.

„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ ბოლო ადგილი (ისევე როგორც რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ) დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2022 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში არ დაფიქსირებულა აქტიური რადიკალური/ექსტრემისტული კერები, ხოლო ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერთა რიცხვი კვლავ დაბალი იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგად, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისა და დახმარების ფაქტზე, 2022 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულ იქნა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი. აღნიშნული პირი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური იყო. ტოხოსაშვილი ახორციელებდა ტერორისტულ აქტივობებს და სირია-ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, 2022 წელს, საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აქტიურად მუშაობდა ქვეყანაში ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში, კიბერსივრცეში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის შესაძლო გავრცელების ფაქტებზე მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობდა. გამოვლენილ საფრთხეებზე ხორციელდებოდა მყისიერი რეაგირება.

2022 წელს, აღნიშნული მიმართულებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც, საქართველოში მყოფმა რადიკალურად განწყობილმა უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქემ ქვეყნის ტერიტორია დატოვა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება კვლავ ქმნიდა ტერორისტულ რისკებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი სიახლეები