ედავებიან, თითქოს ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ოღონდ ეს ივანიშვილის პოზიციაა - ბაჩიაშვილის ადვოკატი
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი საქმის გარემოებებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ერთ დროს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბანკი "ქართუდან" 5 მლნ ისესხა, თუმცა პროცენტიანად უკან დააბრუნა. ამის შესახებ ლევან მახარაშვილმა სასამართლო პროცესის შემეგ ისაუბრა.
ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილს, რომელსაც ივანიშვილის თანხის მითვისებას ედავებიან, თანაინვესტორი არ ჰყოლია.
ადამიანს ედავებიან, რომ მან მიითვისა ინვესტორის თანხა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც უტყუარად დადასტურებულია წერილობით, რომ კომპანიამ ანუ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო სესხი 5 მლნ, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაიხადა როგორც ეს 5 მლნ სესხად აღებული თანხა, ასევე პროცენტი ასობით ათასი ლარი. ეს არის მტკიცებულებები, თუმცა დღეს ჩვენ გვიწევს იმის მტკიცება, დაცვის მხარეს, რომ რეალურად, მას პარტნიორი არ ჰყოლია, - ამბობს ადვოკატი.
ინტერესების დამცველს ეჭვს ის გარემოებაც უჩენს, რომ საქმეზე გამოძიება 8 წლის წინანდელ ამბავზე მხოლოდ ახლა დაიწყო.
მე შემიძლია მხოლოდ ფაქტები შევაფასო, ფაქტების შეფასებისას კიდევ უფრო ბევრ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ 8 წლის შემდეგ რატომ დაინტერესდა გამოძიება ამ ფაქტით, თან იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ეს პერიოდი, წლები, ბაჩიაშვილი მუშაობდა ისეთ კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე, რომლებიც ყოველთვის პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ დღეს დაზარალებულთან. საქმის მასალების მიხედვით, მას ედავებიან, რომ თითქოს ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ოღონდ ეს გახლავთ ბატონო ივანიშვილის პოზიცია, - ამბობს ადვოკატი.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო დააკისრა. მოსამართლემ გადაყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე ეკრძალება. ბაჩიაშვილს კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.
ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.