16 წლის ლუკა და სამი მოზარდი კატერის მძღოლმა გასაბერი ბანანიდან განზრახ გადაყარა წყალში - დაკავებულია 3 პირი

07.07.23 19:19
16 წლის ლუკა და სამი მოზარდი კატერის მძღოლმა გასაბერი ბანანიდან განზრახ გადაყარა წყალში - დაკავებულია 3 პირი

ბათუმში მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. 16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. 

სამი დღის წინ ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ გაიყვანეს. ახლობლების თქმით, სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

ზ.ს. - ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს. - მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.

მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს", - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები