მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო - შაქარაშვილის ბიძა

09.03.21 17:09
მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო - შაქარაშვილის ბიძა

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით, მოკლული ფეხბურთელის  ოჯახი  კმაყოფილია. 

ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები საკმარისზე მეტი იყო. 

განაჩენი არის ობიექტური, ეს იყო ზუსტი ასახვა ჩადენილი დანაშაულისა. საბოლოო ჯამში აისახა სწორ სასჯელში. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ ყველანი ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ  ბრალდებულები თავიანთ  ოჯახის წევრებთან ერთად, არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში, გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით, ვისაც სისხლის სამართალი ესმის ანბანურ დონეზე, ყველა დამემოწმება რომ მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო - ამბობს ნიკოლაძე.

მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ხმაური დარაბზში განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა. ნიკოლაძის თქმით, შვილმკვდარმა დედამ კმაყოფილება გამოხატა გამამტყუნებელი განაჩენის გამო, რის საპასუხოდაც გინება მიიღო.

განაჩენის დროს შვილმკვდარმა დედამ რომ კმაყოფილება გამოხატა, უკანასკნელი პირით აგინეს რევაზიშვილმა და გაგნიძემ  - ამბობს ნიკოლაძე. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 2 არასრულწლოვნის შესახებ გადაწყვეტილება 16 მარტს გამოცხადდება.