მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყდეს ჰესის დოკუმენტების გასაიდუმლოების პრაქტიკა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

26.05.21 17:10
მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყდეს ჰესის დოკუმენტების გასაიდუმლოების პრაქტიკა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

 ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ნამახვანჰესის  პროექტთან დაკავშირებით დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ხელშეკრულება, ისე ფინანსთა სამინისტროს დასკვნა და სხვა დოკუმენტები.

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი" უკვე დიდი ხანია ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გასაჯაროებას; გარდა იმისა, რომ ეს დასკვნა, საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი აუცილებელი დოკუმენტია, გუშინ გამჟღავნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის სარგებლიანობაზე ან მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე საუბარი ფისკალური რისკების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გარეშე ყოველგვარ აზრს და ლოგიკას მოკლებულია.

მანიპულაციების თავიდან აცილების მიზნით, როდესაც ხელისუფლება მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებაში არსებული მწვავე შეკითხვებისთვის თავის არიდებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ნამახვანი ჰესის პროექტის ირგვლივ არსებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების უკანონო გასაიდუმლოების და დამალვის პრაქტიკა და დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, თავად დარწმუნდეს სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში.

კერძოდ, უკიდურესად მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დაუყონებლივ უნდა გასაჯაროვდეს:

ხელშეკრულების ის რედაქცია, რომელზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მომზადდა;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა;
პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების (რომლითაც ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება მოიწონა) განმარტებითი ბარათი, ადმინისტრაციული წარმოების სრულ მასალასთან ერთად - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში

25 მაისს გამოცემა ,,მთის ამბებმა" ნამახვანჰესის პროექტზე იუსტიციის სამინისტროს სავარაუდო დასკვნა გაასაჯაროვა, რომელშიც სახელმწიფოსთვის საზიანო ინტერესებზე იყო საუბარი.

დასკვნის გასაჯაროვებას საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია.