განაჩენს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ - ბასილაშვილის საქმის პროკურორი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა, ბრალდების მხარე არ ეთანხმება. პროკურორი მომხდარს სამწუხარო პრეცედენტს უწოდებს და ამბობს, რომ განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სამწუხარო პრეცედენტია და ბრალდები მხარე განაჩენს აუცილებლად უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 7 ასათის განმავლობაში წარუდგინა არგუმენტაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს. წარმოდგენილი იყო როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე თვითმხილველი მოწმეების ჩვენება, ასევე ვიდეო და აუციოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, რაც ცალსახად იძლეობდა გამატყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს, - ამბობს პროკურორი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. საქმე ეხება ყოფილ ცოლზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის საქმეს.
2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ქვეყნის პირველი ჩოგანი დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ის ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.