სადაც გამოიკვეთება ვინმეს დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ - შსს 15 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე
ვინ არის პასუხისმგებელი 16 წლის მოზარდის დენის დარტყმით გარდაცვალებაზე? - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საგამოძიებო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.
ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების მხრიდან დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება შესაბამის რეაგირებას მოვახდენენ.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ნამდვილად მძიმეა ჩვენთვისაც. მე ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული დანაყოფი აქტიურად მუშაობს და იძიებს თითოეული იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, თუ ვინმეს გადაცდომამ ან დაუდევრობამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ჩვენ იმ წუთიდანვე დავიწყეთ გამოძიება. რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება ახლა კონკრეტული პირების ბრალეულობაზე ვისაუბრო, როდესაც ეს მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცესი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.