სამი ან ოთხი პოლიციელი მირტყამდა - 15 წლის მოზარდი სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს
15 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს - ახმეტის მკვიდრი არასრულწლოვანი "რადიო თავისუფლებასთან" ყვება, რომ შემთხვევა 11 ივლისს ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, მოხდა.
როგორც მოზარდი ჰყვება, თხუთმეტამდე მეგობარი სეირნობდა და სკვერში გაჩერებას აპირებდა, რა დროსაც მათთან მოულოდნელად პოლიციის სამი ჯგუფი მივიდა და ერთ-ერთი მეგობრის დაკავება დაიწყო. მოზარდის თანახმად, პოლიციელები მას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათგან თავისი მეგობრის დაკავების მიზეზის დასახლება მოითხოვა. მოზარდმა პოლიციელთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ, სულ ცოტა, სამი მათგანის ამოცნობა შეუძლია.
„ჩემი ძმაკაცი რომ დააკავეს, მე ვიკითხე, რის საფუძველზე აკავებდნენ. პასუხი არ გამცეს... შემდეგ დამეჭიდნენ მაისურზე და რამდენჯერმე გამარტყეს. სამი ან ოთხი პოლიციელი მირტყამდა“- ამბობს 15 წლის მოზარდი.
არასრულწლოვანის თქმით, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი რამდენიმე ვიდეო არსებობს, რომლებიც მეგობრებმა გადაიღეს. მისი ინფორმაციით, ვიდეოებში ჩანან კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც მას გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ახმეტაში ერთი პირია დაკავებული. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებულდანაშაულს ედავებიან.
15 წლის მოზარდზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმის შესწავლა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.