რეალურად, ვისი დავალებით მოხდა ნოდარ მელაძის მანქანის გაძარცვა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ - უდუმაშვილი
"ტვ პირველის" საინფორმაციოს წამყვანი ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეალურად, ვისი დავალებით მოხდა ნოდარ მელაძის მანქანის გაძარცვა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ, რადგან გამოძიება ამ მხრივ წინ ვერ წავა.
უდუმაშვილის თქმით, მომხდარი ჟურნალისტების დაშინების მცდელობის კლასიკური ნიმუშია.
"ეს არის პირდაპირი კლასიკური ნიმუში ჟურნალისტების დაშინების მცდელობის იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის ამ საქმესთან დაკავშირებით. კითხვებზე ჩვენ ველოდებით პასუხებს და სავარაუდოდ ეს პასუხები არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ დაადასტურა, რომ ერთი პირი არის დაკავებული, რომელიც წარსულში მხილებული არის ამგვარ დანაშაულებში, მე ვფიქრობ, რომ ამის იქით გამოძიება არ წავა და რეალურად რა მოხდა და ვისი დავალებით მოხდა ნოდარის მანქანის გაძარცვა ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. ისევე, როგორც ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ დაუსჯელი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც აქამდე ზეწოლას თავდასხმას, დაშინებას ცდილობდა ჟურნალისტების" - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილი გუშინ ღამით გაძარცვეს.
კამერებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, თბილისის შუაგულში, ლესელიძის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში ნოდარ მელაძეს ყველაფერი გადმოყრილი დახვდა. წაღებულია მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა.