პარლამენტი სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე დღეს იმსჯელებს - რა ვერ აპატია "ოცნებამ" თანაგუნდელს?
პარლამენტი დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე დღეს იმსჯელებს. საბოლოოდ კი, სერგეენკოს პარლამენტის წევრის სტატუსს სექტემბერში პირველსავე სხდომაზე ჩამოართმევენ. "ოცნება" ამტკიცებს, რომ მიზეზი გაცდენებია. შალვა ნათელაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელისუფლებო გუნდი ამ მიზეზით საკუთარ თანაგუნდელს სჯის.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია სერგეენკოს პარლამენტიდან არა გაცდენების, არამედ იმის გამო უშვებს, რომ მან თავის დროზე რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა.
სერგეენკო გაშიფრეს დამოუკიდებელი, თავისუფალი აზრის ქონაში. აზრის ქონა „ქართულ ოცნებაში“ ითვლება დანაშაულად. ისინი ძალადობენ თავისუფალ აზრზე და ამ ძალადობის გამოვლინებაა ის, რომ მათ რიგებშიც კი ვერ აიტანეს მონური მორჩლების არ მქონე ერთი გადაწყვეტილება. ეს არის პუტინის ერთგულების გამოხატულება. ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგაბა „ქართულ ოცნებას“ თუ „ქართული ოცნების“ გარე რუსული გავლენების გაძლიერებას, „ქართული ოცნებისთვის“ არის მთავარი მტერი, - ამბობს "სტრატეგია აღმაშნებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი რამდენიმე წუთში დაიწყება.