დღეს, პირადად ჩემთვის დადასტურდა, რომ ეს იყო ჩემს დასაშინებლად წინასწარ ორგანიზებული ღონისძიება - ნოდარ მელაძე
იმიტირებული ძარცვის საქმეზე დაკავებული პირი არასრულწოვანია. ეს ინფორმაცია ნოდარ მელაძეს დიღმის მთავარ სამმართველოში გამომძიებლებმა დაუდასტურეს. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ მოზარდი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც გამომძიებელი ჟურნალისტის მანქანიდან სხვა ნივთების ნაცვლად გარე მეხსიერების ბარათი წაიღო, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა.
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს ჩვენება მისცა და დეტალურად ისაუბრა მომხდარის შესახებ. ნოდარ მელაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მომხდარი მისი დაშინების მცელობას უკავშირდება.
"მივეცი ჩვენება, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ მომხდარი უკავშირდება ჩემი აღქმით, ჩემს პროფესიულ საქმიანობას. მითხრეს, რომ დაკავებულია ერთი პირი, რომელიც არის არასრულწლოვანი, რაც ადასტურებს იმ ვერსიას, რაც მანამდე გვქონდა, რა გზითაც წავიდოდნენ. შესაბამისად, ახლა პოლიციამ უნდა დაასაბუთოს, საგამოძიებო უწყებამ, არასრულწლოვანი მანქანაში რომ შეძვრა იქიდან არ წაიღო არც საათები, არც სათვალეები არ დაინტერესდა და დააინტერესა მხოლოდ მეხსიერების ბარათმა, რომელიც რაში სჭირდებოდა და რა დანიშნულება აქვს, შეიძლება არ იცოდეს. ეს შესაბამისად უდიდესი საეჭვო გარემოება არის. მსგავსი საქმეები ხომ ვიცით, რომ ფორმალური გამოძიება ხდება ხოლმე, გამოავლენენ სიმბოლურად ვიღაც დაკავებულს და ამით ისტორია მთავრდება ხოლმე. დღეს ჩემთვის პირადად მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ ეს იყო წინასწარ კარგად ორგანიზებული ღონისძიება, ჩემი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტის დასაშინებლად" - ამბობს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ერთი პირი დააკავა.
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილი გუშინ ღამით გაძარცვეს.
კამერებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, თბილისის შუაგულში, ლესელიძის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში ნოდარ მელაძეს ყველაფერი გადმოყრილი დახვდა. წაღებულია მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა.