სახელმწიფო ტენდერში ფარცხალაძისა და ,,რიჟას" კომპანიებმა გაიმარჯვეს - მკვლევარებს კითხვები აქვთ

27.05.21 14:10
სახელმწიფო ტენდერში ფარცხალაძისა და ,,რიჟას" კომპანიებმა გაიმარჯვეს - მკვლევარებს კითხვები აქვთ

კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, ,,მუნიციპალური განვითარების პროგრამის" ტენდერებში ოთარ ფარცხალაძისა და გიორგი კაპანაძის, იგივე ,,რიჟას" კომპანიებმა გაიმარჯვეს. ბესო დონაძის ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენებმა 100 მილიონის ტენდერი ისე მოიგეს, რომ მათ კომპანიებს პროექტიც კი არ აქვთ წარმოდგენილი.

ტენდერში გამარჯვებული არიან, ოღონდ ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვთ. ეს არის 2 კომპანია, პირველი ,,საბაკონტრაქშენი", რომელმაც 80 მილიონის კონტრაქტი მოიგო და მეორე არის შპს ,,ბიმექსი", რომელმაც მოიგო 20 მილიონის კონტრაქტი. ,,ბიმექსს" მართავს ანზორ კბილაშვილი, რომელიც არის ოთარ ფარცხალაძის შვილის, ანდრია ფარცხალაძის, მეწილე. ,,საბაკონტრაქშენის" მფლობელი კი გიორგი კაპანაძეა.  ეს კომპანიები ,,ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული და თვითონ ,,ოცნებაში" მყოფი პირები არიან. - აცხადებს ბესო დონაძე.

კორუფციის მკვლევართა ინფორმაციით, ქვეყნის განახლების პროგრამაში საეჭვო მხოლოდ გიორგი კაპანაძისა და ოთარ ფარცხალაძის სახელები არ არის, აქ ისიცაა პრობლემური, რომ ტენდერებში პროექტები ჩადებული არაა. დოკუმენტაციაში ჩანს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა არ იციან, რა მოიმოქმედონ. მკვლევარებს  რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ამ კომპანიებთან დახურულ კარს მიღმა გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც კონკურენციის პირობებს მთლიანად სპობს.

კორუფციის მკვლევარებს უჩნდებათ კითხვა, როგორ შეირჩნენ ეს კომპანიები არარსებული პროექტის პირობებში. ისინი აცხადებენ, რომ ნახევარი მილიარდი სწორედ იმ კომპანიებს მისცეს, ვინც ამ ფულს წინასაარჩევნოდ ,,ოცნებას"უკან დაუბრუნებს. 

200 მილიონის კონტრაქტებში გამარჯვებული კომპანიების ხელმძღვანელები ,,ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესმენები არიან.