საგამოძიებო მოქმედებები გუმათში - პროტესტის მონაწილეები ფაქტს სადამსჯელო ოპერაციად აფასებენ

27.05.21 13:18
საგამოძიებო მოქმედებები გუმათში - პროტესტის მონაწილეები ფაქტს სადამსჯელო ოპერაციად აფასებენ

სადამსჯელო ოპერაცია - ასე აფასებენ რიონის ხეობის მცველები მათ წინააღმდეგ შსს-ს  მიერ დაწყებულ გამოძიებას. საქმე ეხება ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან რკინის ჯებირების დაზიანებას. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარეს და ზარალი დაითვალეს.

პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ამ გზით ხელისუფლება მათ გაჩუმებას ცდილობს. რიონის ხეობის მცველი, მარიკა მუსელიანი, შსს-ს ბრალდებას აბსურდულს უწოდებს  და ამბობს, რომ რკინის ჯებირის კიდის გადაკეცვას პროტესტის მონაწილეები ვერ მოახერხებდნენ. 

ჯებირი, რომელიც საერთოდ არ შეიძლება იდგას, იმის კიდის გადაკეცვაზე შეედავო ვინმეს, ცოტა აბსურდულად მეჩვენება და კიდევ ერთი ეჭვი მაქვს, საკითხავია, მართლა გადმოკეცეს ეს გვერდები აქციის მონაწილეებმა, თუ არა, იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვესწრებოდით ამ პროცესს და მთელი ამდენი ხანი ხელების ბრახუნი იყო. შეიძლება მოხდა, რომ ვიღაცამ ჯოხი დაარტყა. მეც შევსწარი, რომ ფეხი დაარტყა და მიუთითეს, რომ ფეხი არ მიარტყა და ხელი მიარტყიო, მაგრამ კიდის გადმოკეცვა ჯოხის დარტყმით არ მოხდება, - ამბობს მარიკა მუსელიანი. 

შსს-მ  სოფელ გუმათში დაზიანებული  რკინის ჯებირების გამო გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების ფაქტზე დაიწყო.

რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტზე გამოკითხვები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.