"სიმართლის თქმას ვაპირებ" - 21 წლის ბიჭი, რომელიც 4 პოლიციელს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

21.07.23 11:30
"სიმართლის თქმას ვაპირებ" - 21 წლის ბიჭი, რომელიც 4 პოლიციელს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდის ოჯახი მუქარაზე ალაპარაკდა. 21 წლის ლაშა ჟღენტი, რომელიც ოთხ პოლიციელს სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, კოკა კაციტაძის უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა.

გამომძიებლებს აინტერესებთ, რა მოხდა ქუჩაში, როცა დაზარალებული სამართალდამცველებმა გააჩერს და საიდან აქვს მოზარდს სხეულზე მძიმე დაზიანებები. 

"სიმართლის თქმას ვაპირებ, რაც გამიკეთეს და რაც დააშავეს, რაც ტყუილები ილაპარაკეს. სასამართლოში, რაც ოქმში ეწერა ყველაფერი ტყუილი იყო და  მე ვაპირებ სამართლის პოვნას იმიტომ, რომ მე იქ რაც გამიკეთეს ის არასამართლიანობა იყო და როგორც გამისწორდნენ იქ ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ. ზედმეტები, რომ მოუვიდათ ელემენტარული გაჩერება ვთხოვე, რომ ხელი გაეწიათ იმ ადგილიდან, სადაც მომკიდეს და ეს არ მოეწონათ, ეს შეურაცხყოფად მიიღეს და მანქანაში ჩატენვა მოინდომეს. მანქანაშიც რაღაც პატარა ვიდეოსავით გადაიღეს, მანამ მანქანას დაძრავდნენ, პატარა 10-15 წამიანი ვიდეო გადაიღეს, როცა ბორკილებს მადებდნენ და მაგის მერე რომ გათიშეს ვიდეო და მანქანა დაძრეს თუ არა, მაგ დროს გააგრძელეს რტყმა, გინება როგორც ყოველთვის, რასაც აკეთებენ ყოველთვის მალავენ". - ამბობს ლაშა ჟღენტი.

მედიით ამ ამბის გაშუქების შემდეგ, ბიჭის ოჯახი ამბობს რომ მათთან ზარები შედის და აფრთხილებენ.

"იყო რამდენიმე ზარი ჩვენთან, რომ ყველაფერი შეგვეწყვიტა, ოჯახის ახლობლებმა დარეკეს, მაგრამ რა თქმა უდნა არ გავჩერდებთ და მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ დარეკავს ჩვენთან და ვისდ აარეკინებენ",- ამბობს ოჯახი.

დღეს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში  ზუსტად 12 საათზე დაიწყება ლაშა ჟღენტისა და მისი ოჯახის გამოკითხვა.

მსგავსი სიახლეები