"პატარა ბიჭი მიჰყავდა პოლიციას და ბებია კივილით მისდევდა" - თვითმხილველები გოგებაშვილზე მომხდარზე
რა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე და რა კეთდება ძალადობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნების დასასჯელად - თითქმის, 24 საათი გადის მას შემდეგ, რაცახლაგაზრდა ბიჭმა სამართალდამცველები ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ამხილა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბის და ქალის განწირული კივილის ხმა გაიგეს, ასევე დაინახეს, თუ როგორ მიჰყავდა ახალგაზრდა ბიჭი პოლიციას.
მესმოდა ხმაური და მე რომ გავედი პოლიცია და ერთი პატარა ბიჭი მიდიოდნენ და ეს ქალიც, ბებია იყო მემგონი და მიყვებოდა მაგათ. ეს ბებია კივილ-კივილით მისდევდა". - ამბობს თვითმხილველი.
ლაშა ჟღენტი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა უმიზეზოდ დაუწყეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწიორებაც მოყვა. ეს ყველაფერი შუაგულ თბილისში ხალხმრავალ ადგილას, კამერებით გარშემორტყმულ ტეროტირაზე მოხდა, თუმცა გოგებაშვილის 44 ნომრიდან არც კამერების ჩანაწერები ამოუღიათ და არც მოწმეები გამოუკითხავს ვინმეს.
ლაშა ჟღენტისა და მისი ოჯახის წევრების დაკათხვა სპეციალურ საგამოძებო სამსახურში ამ წუთებშიც გრძელდება.
ოჯახის თქმით, 21 წლის ბიჭისგან, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ბიჭმა პოლიციის ოთხი მაღალჩინოსანი ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა, ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი მისამართით ზეწოლა ხორციელდება, რეკავენ და ეუბნებიან რომ უნდა გაჩერდნენ.
ბიჭის დედა გაჩერებას არ აპირებს და მისი შვილის უფლებების დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.