2022 წლამდე ქართულ ჯარს რუსული წარმოშობის საჭმელს აჭმევდნენ - თავისუფლების ინსტიტუტის კვლევა
რუსული ანაკომის სუპი, რუსული კეტჩუპი და რუსული მაიონეზი - "თავისუფლების ინსტიტუტი" აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ 2022 წლამდე ქართულ ჯარს რუსული წარმოების საკვებს აჭმევდნენ, 2022 წლიდან კი გაურკვეველია, რომელი კომპანია უზრუნველყოფს მის კვებას და რისგან შედგება ჯარისკაცების რაციონი.
როგორც "თავისუფლების ინსტიტუტი" წერს, 2014 წელს შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" შეიქმნა და მას საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებასთან ერთად, შეიარაღებული ძალების კვებითი მომსახურების გაუმჯობესება დაევალა. კომპანიის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა და მას თავდაცვის სამინისტრო მართავს.
2022 წლამდე "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" ჯარის საკვებს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების გზით ყიდულობდა, რითიც შესყიდვები უფრო კონკურენტული და გამჭვირვალე იყო. 2022 წლიდან ვითარება შეიცვალა და, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ შპს-ს მათთვის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების თხოვნით აღარ მიუმართავს.
"თავისუფლების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ბოლო და ყველაზე მსხვილი შესყიდვა (10 875 ლარის ღირებულებით) შპს "სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფამ" რუსული ზეთის შემომტან კომპანიასთან 2022 წლის 19 ივლისს გააფორმა, როცა რუსეთი უკრაინაში უკვე ნახევარი წლის შეჭრილი იყო და ის მასშტაბური სანქციების ქვეშ ექცეოდა. ამას გარდა, 2015-2022 წლებში 232 000 ლარის რუსული ანაკომის სუპი, კეტჩუპი და მაიონეზი შეიძინა.
კვლევა სრულად ნახეთ აქ.