ვაჭრობა და შანტაჟი პირადი კადრებით - სუს-ის მაღალალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის დანაყოფის სტაჟიანი თანამშრომელი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა - ილჰამ ახიევს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი და გამოძალვა ედება ბრალად.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ფარულად გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ქალს, რომელიც მარნეულში დიდ ქონებას ფლობდა.
ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი - სუს-ის თანამშრომელი დანაშაულებრივ გარიგებაში უძრავი ქონების იმ აგენტთან შევიდა, რომელიც პერიოდულად რუსეთში ბიზნესის მქონე საქართველოს მოქალაქეს უძრავი ქონების შეძენაში ეხმარებოდა. ქალს ბინები ყველაზე ძვირადღირებულ "მარნეული პლაზში" აყიდვინეს. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენი ქალი უძრავი ქონების აგენტმა და სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა ფონიჭალის სასტუმროში წაიყვანეს.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სასტუმროს ორი ნომერი რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდათ დაჯავშნილი. ახიევს მომზადებული ჰქონდა ვიდეო კამერაც, რომ მისი და ქალის პირადი ცხოვრების კადრები გადაეღო.
საქმის პროკურორი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ვიდეოკადრების გადაღების შემდეგ, ბიზნესმენი ქალი სასტუმროს ნომერში ჩაკეტეს და იარაღის მუქარით ბინის გადაფორმებას სთხოვდნენ.
უფრო კონკრეტულად, თაღლითების ჯგუფმა რომელთა შორის მთავარი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, ქალს ჯერ ვიდეომასალა ფონიჭალის სასტუმროში გადაუღო, შემდეგ კი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა და ბინის დათმობას აიძულებდა.
ირკვევა, რომ ნოტარიუსში მინდობილობის გაფორმების შემდეგ სუს -ის ყოფილმა მაღალჩინოსანი და მისმა თანამზრახველმა ბიზნესმენს დამატებით ფული კიდევ ორჯერ გამოსძალა. მსხვერპლს ეუბნებოდნენ, რომ თუ ფულს არ გადაიხდიდა, მისი პირადი ცხოვრების ამბავს მთელს სოფელს მოუყვებოდნენ და თავს მოჭრიდნენ.
ვინ არის ილჰამ ახიები? - სპეცსამსახურების გამოცდილი კადრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი საყრდენი იყო რეგიონში. სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა იხსენებს, რომ საიდუმლო დავალებების შესრულებას მას არ მხოლოდ რეგიონში ანდობდნენ, არამედ როგორც სისტემის სანდო კადრი თბილისში ხშირად მიჰყავდათ.
ირკვევა, რომ სპეცსამსახურების გამოცდილ კადრს, სისტემასთან ურთიერთობა ბოლო პერიოდში აერია, სამირა ბაირამოვა იხსენებს, რომ დაკავების წინ სუს-ის თანამშრომელი საიდუმლოდ შეხვდა და უთხრა, რომ იგივე უწყება უსმენდა და უთვალთვალებდა, რომლის ნაწილიც თავად იყო.
მარნეულში ამბობენ, იმასაც რომ ახიებს ქვემო ქართულის სუს-ის შეფის მოადგილე, ჯონი მინაძე მფარველობდა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ჯონი მინაძე რომ სუსი-დან წამოღებული საიდუმლო მასალებს სახლში ინახავდა, ეს ცოტა ხნის წინ საჯაროები წყაროებიდან გახდა ცნობილი, როდესაც მის ბინაში მძარცველებმა შეაღწიეს და მეხსიერების ბარათი მოჰპარეს, მაშინ მედია იუწყებოდა, რომ მოპარული იყო ცნობილ პოლიტიკოსებზე შეგროვებული კომპრომატები.