უმისამართო სროლა ქალაქის ცენტრში - ლეონიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო
თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. პოლიცია არკვევს, ვინ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ვინ ჩააგდო ათობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში, როცა ავტომობილიდან უმისამართოდ ისროდა.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხდარი "ტვ პირველმა" გააუხმაურა.
დეტექტივებმა შემთხვევის ადგილი ფეხით შემოიარეს. სავარაუდოდ, იმ ტყვიის მასრებს ეძებდნენ, რომელიც გუშინ ავტომობილიდან ისროლეს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ვერ ამბობენ, იდენტიფიცირებულები არიან თუ არა პირები, ვინც ლეონიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ გაისროლეს.
"პირველების" ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებს არც სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები გამოუთხოვიათ და არც ადგილზე არსებული ობიექტების თანამშრომლები გამოუკითხავთ.
მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები "პირველებს" მომხდარის დეტალებს უყვებიან. მოწმეები ამბობენ, რომ საღამოს 7 საათისთვის მიჯრით გასროლა გაიგონეს, თუმცა გარეთ გასვლა ვერ მოახერხეს, რადგან უკიდურესად შეშინებულები იყვნენ. მათი თქმით, ამის შემეგ გაიგეს, რომ ტერიტორიაზე საქორწინო ექსკორტი გადაადგილდებოდა, რომელმსაც უკან საპატრულო პოლიცია მიჰყვებოდა, თუმცა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
რაღაცა გავიგე და მე ჩავთვალე, რომ ქორწილი იყო, გაიარეს... ჩავლით იყო რაღაცა... არავინ მოსულა ჩემთან, - ამბობს ერთ-ერთ ობიექტზე მომუშავე.