ბათუმში თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

24.07.23 13:29
ბათუმში თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომლის ექსტრადიცია უკვე განხორციელდა - განცხადებას საქაქრთველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა, რომელიც მხილებული იყო არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის და გაუპატიურებაში დახმარებისთვის.

"თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები