სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - რა კითხვები აქვთ მოწმესთან?
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე პროცესი დაიწყო. მხარეები ექსპერტ-ტრასოლოგს ჰკითხავენ, სპეციალისტს, ვინც შადრევანში გაყვანილი კაბელები შეისწავლა და გაარკვია, რომ დენის გამტარი კაბელი ცხაურით იყო დაზიანებული.
სხდომაზეა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსიც. გამოძიების ინფორმაციით, გიგა გიგაშვილს სწორედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა მოეთხოვა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
პროკურორის თქმით, პირების მიმართ წაყენებული ბრალდებები მტკიცებულებებს ემყარება. მისივე თქმით, გამოკვეთილია ვალდებულებები, რომლებიც არ შესრულებულა.
გამოკითხულებს შორის იქნება ძირითადი გამომძიებელიც, რომელთანაც საუბარი გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნება.
"როგორც გიგა გიგაშვილის, ასევე სხვა პირთა მიმართ წარდგენილი ბრალდება, რა თქმა უნდა ემყარება შესაბამისს მტკიცებულებებს და რა თქმა უნდა შესაბამისად სათანადო დოკუმენტებში არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც უნდა შეესრულებინა აღნიშნულ პირს, თუმცა არ შესრულდა. რაც შეეხება ტრასოლოგს, მან გამოიკვლია უშუალოდ დაზიანებული კაბელი, რომელიც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, რომ დაზიანება იყო განვითარებული სწორედ ცხაურით ანუ იმ ცხაურით, რომლის ქვეშაც იგი იყო მოყოლილი და შესაბამისად სწორედ ამის ირგვლივ დაიკითხება დღეს ექსპერტი. ძირითად გამომძიებელს რა თქმა უნდა შეკითხვები გვექნება, კონკრეტულად რომელი პირები გამოჰკითხა მან გამოძიების ფარგლებში, რა დოკუმენტები ამოიღო, ასევე მნიშვნელოვანი არის ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი ინფორმაციები და მერიიდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერები", - ამბობს პროკურორი.
ადვოკატ, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, კითხვები საგამოძიებო მოქმედებების წარმართვასთან დაკავშირებით ექნებათ. მისივე ინფორმაციით, განხილული იქნება მასალები, რომელშიც მოპოვებული ინფორმაციის სიყალბის ფაქტი დადგენილი არ ყოფილა და რომ ინფორმაცია ცნობილი არ იყო კომპანიის თანამშრომელთათვის.
"მასთან გვექნება ის მნიშვნელოვანი კითხვები, თუ როგორ წარიმართა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე აღნიშნული მოწმების დაკითხვით კიდევ ერთხელ იქნება დემონსტრირებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა დადგენილი დოკუმენტების სიყალბის ფაქტი და ასევე გამოძიების პროცესში არ ყოფილა მოპოვებული რაიმე ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა, რომ ამ დოკუმენტების რაღაც სიყალბის ან საეჭვო მიზნის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ცნობილი იყო შპს "გრინსერვის" პლუსის რომელიმე თანამშრომლისათვის" - ამბობს ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.