21,5 მილიონი ლარი პრემია-დანამატებში - IDFI-ის სკანდალური დასკვნა

28.05.21 15:47
21,5 მილიონი ლარი პრემია-დანამატებში - IDFI-ის სკანდალური დასკვნა

IDFI საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ  2020 წელს, 77 უწყებიდან, თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი 44 საჯარო  დაწესებულებაში  გაიცა და ჯამში 21,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან  პრემიები  9,5 მილიონი ლარს შეადგენდა , ხოლო სახელფასო დანამატი- 12 მილიონ ლარს.

IDFI -ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა -  5,5 მილიონი ლარი და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა  კომისიამ - 3 მილიონი ლარი. ხოლო სახელფასო დანამატის სახით  - საქართველოს პროკურატურამ  - 3,5 მილიონი ლარი და  სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა - 2,3 მილიონი ლარი.

 საქართველოს პროკურატურაში თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა  - 731 60 ლარი , ხოლო  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 228 440 ლარი. 

2020 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი არაერთგვაროვნად აისახა სხვადასხვა უწყების სახელფასო პოლიტიკაზე.   კვლევაში განხილული საჯარო დაწესებულებების მაგალითზე, განსაკუთრებულ პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს იმ უწყებების სახელფასო პოლიტიკა, რომლებზეც არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მოქმედება. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის და მარეგულირებელი ორგანოების მიერ 2020 წელს წარმოებული სახელფასო პოლიტიკა, ნაკლებად თანხვედრაშია,  პანდემიის შედეგად ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან. ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ,  ასეთი მონაცემების დაფარვის მიზეზი შესაძლებელია განპირობებული იყოს საზოგადოებრივი უკმაყოფილებისგან თავის არიდების სურვილით.  შესაბამისად, ამ უწყებების მიერ 2020 წელს გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემიები) და სახელფასო დანამატების შესახებ  დაფარული მონაცემები შესაძლებელია მნიშვნელოვნად ცვლიდეს კვლევაში მოყვანილ მაჩვენებლებს და ტენდენციებს", - აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში. 

 IDFI-ს შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს არ ეძლევათ  მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის ეფექტიანი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციით საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება.