ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება - ტვ პირველმა ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა

28.05.21 15:59
ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება - ტვ პირველმა ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა

19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მიდამოში -  სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნა კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ტვ პირველმა მოიპოვა,  წერია, რომ 34 წლის მამაკაცი სასტიკად არის მოკლული. დგინდება, რომ ნოდარ ღუნაშვილი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია. 

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ბათილდება  გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილის მეუღლის, ქეთევან ჩხაიძის, ჩვენება, სადაც ის ირწმუნება, რომ მისმა მეუღლემ თავის არეში 4 დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. 
ამავე დასკვნის მიხედვით, ქეთევან ჩხაიძის კიდევ ერთი ჩვენება ბათილდება, სადაც ის  ამბობს, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა მეუღლემ გარკვეული მედიკამენტები მიიღო. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნოდარ ღუნაშვილის გარდაცვალებამდე 40 დღით ადრე არანაირი მედიკამენტი არ მიუღია. 

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის ამბობს, რომ  ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოძიება ქეთევან ჩხაიძით ხელმეორედ უნდა დაინტერესდეს და მას შეუტყობინებლობის მუხლის გარდა, ცრუ ჩვენების და დამამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებებიც უნდა წარედგინოს.
უფლებადამცველი  გამოძიებას ლევან კახიშვილით დაინტერესებისკენაც მოუწოდებს.

ყველა ის გარემოება, რითაც  ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე აპელირებდა, აღმოჩნდა, რომ ეს არის სიცრუე. ცალსახად წერია, რომ ნოდარ ღუნაშვილს თავის არეში მიყენებული ჭრილობა მიყენებული აქვს ბლაგვი საგნის შედეგად, მიყენებული აქვს 19 ჭრილობა. მათი მოთხოვნაც არის, რომ ქეთევან ჩხაიძეს დაუმძიმდეს ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის, - ამბობს ადვოკატი. 

გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილის ოჯახი ახლა კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სწორედ კომისიურმა ექსპერტიზამ უნდა თქვას, მიუძღვის თუ არა ბრალი ქეთევან ჩხაიძეს მეუღლის მკვლელობაში.