განცხადების მერე, ექსპერტიზის დასკვნა რაც არ უნდა მოვიდეს, ყველანაირად გაამართლებენ პოლიციელებს - 21 წლის ბიჭის დედა
საგამოძებოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, 21 წლის ლაშა ჟღენტის ოჯახს უჩნდება განცდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა რაც არ უნდა მოვიდეს, ყველანაირად გაამართლებენ პოლიციელებს.
სოფო გამცემლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ როდესაც გავრცელებული განცხადების შემდეგ გამომძებელს დაურეკა და პასუხი მოსთხოვა, გამომძიებელმა უთხრა, რომ განცხადების გავრცელების შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.
"როგორც კი წავიკითხე დღეს პრესცენტრის განცხადება, დავუკავშირდი გამომძიებელს, გამომძიებელმა არაფერი არ იცოდა, მე არ ვარ ადგილზეო, არ ვიცი ვინ გაავრცელაო, პასუხი მოვთხოვე ამაზე, რომ როგორ შეიძლება არ იცოდეს მის საქმეზე რა ხდება. მე საერთოდ არ ვიცი რა ხდებაო, სამაგიეროდ 5 წუთში მირეკავს და მეუბნება, რომ რამე საწინააღმდეგო გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებითო... მე ვთქვი გუშინ, ჩვენ ხომ ერთად წავიკითხეთქო ეს ყველაფერითქო და ერთად გავიარეთქო და მივხვდითთქო, რომ ბავშვები არ არიან დამნაშავეებითქო, არაო ბავშვები რომ ძალადობდნენო, ამის წინააღმდეგი ხარო? ამ განცხადების მერე ექსპერტიზის დასკვნა რაც არ უნდა მოვიდეს, თქვენ ხვდებით, რომ ყველანაირად გაამართლებენ პოლიციელებს. პოლიციელები ამბობენ, რომ მივიდნენ თუ არა ბავშვთან, ბავშვი გახდა აგრესიული, როცა კამერაში ჩანს, რომ ჩვეულებრივად, პირადობას ანახებს, უფლებას აძლევს შემოწმების" - ამბობს სოფო გამცემლიძე.
მტკიცებულებები არ იძლევა პოლიციელების პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, ჯერჯერობით არ დასტურდება როგორც ლაშა ჟღენტზე ძალადობა, ასევე ბებიამისზე ძალადობა.