ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლემ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ იადიგარ აბბასოვის ადვოკატი თეიმურაზ ბიჭოშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ „უკანონო მოქმედებები განახორციელეს".
„მის მიმართ განხორციელებული გარკვეული რაღაც არასწორი ქმედებები იყო სამართალდამცველების მხრიდან. ძალადობა არა. რბილად რომ ვთქვათ, უკანონო მოქმედებები იყო", - განაცხადა თეიმურაზ ბიჭოშვილმა.
როგორც პროკურორი, თამარ სილაგავა აღნიშნავს, იადიგარ აბბასოვის მხრიდან ძალადობაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მის მიერ დასახელებულ გარემოებებს პროკურატურა შეისწავლის.
50 000 ლარი და 5 000 ლარი ეს არის თანხა, რომლის სანაცვლოდაც ადვოკატები სასამართლო სხდომაზე ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების თავისუფლებას ითხოვდნენ. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, შესაბამისად, სხდომა დახურული იყო.
ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო დაკავებულებს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ. მურად თავართქილაძეს და ედგარ აბასოვს პროკურატურა ტერორიზმის ნაცვლად საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.