სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 პირი ამხილეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 პირი ამხილა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელმა, მასთან დასაქმებულ თანამშრომლებთან წინასწარი შეთანხმებით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, რომლის თანახმად, პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოში დასაქმებული პირები თითქოსდა არ ახორციელებდნენ საქმიანობას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი კომპენსაციები.
დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული საწარმოში დასაქმებული პირები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპენსაციის სახით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ფაქტზე გამოძიება 180-ე და 362 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.