უკანონოდ არიან დაკავებული, ნაცემია რამდენიმე - გუმათში დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო

28.05.21 17:39
უკანონოდ არიან დაკავებული, ნაცემია რამდენიმე - გუმათში დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.  ადვოკატი ზაალ გორგიძე აცხადებს, რომ დაკავებულებთაგან რამდენიმეს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა. უფლებადამცველის ინფორმაციით, აქტივისტები უკანონოდ არიან დაკავებულები და მათი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს: 

შევხვდით დაკავებულ პირებს, გავეცანით მასალებს და შემიიძლია ვთქვა, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები. დაკავებისას მათი უფლებები დაირღვა. რამდენიმე პირი ნაცემია პოლიციის მიერ, რომელზეც მათ შესაბამის უწყებებთან განაცხადი გააკეთეს, მიმდინარეობს აღნიშნულის მოკვლევა. 

არა მარტო გადაამეტეს თავიანთ უფლებებს, არამედ გუმათის აქციაზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. თავს დამნაშავედ არ ცნობენ, მოვითხოვთ საქმის შეწყვეტას, მთელი პერიოდი გადამალული ჰყავდათ - ამბობს ადვოკატი ზაალ გორგიძე.

რიონის ხეობის მცველები უცდიან სასამართლო პროცესის დასრულებას და აქტივისტების პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში საპროტესტო აქციის გამართვას ქუთაისში გეგმავენ.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგები ამ დროისთვის 2 ლოკაციაზე არიან: სოფელ გუმათში და ქუთაისის სასამართლოსთან. ხეობის მცველები აცხადებენ, რომ დღესაც აპირებენ, ჯებირებთან შეიკრიბონ.