მიწაში ჩაფლილი ადამიანის განწირული ხმა ისმოდა - სტიქიას გადარჩენილი ადამიანის ნაამბობი
სტიქიასთან საკუთარი ძალებით მებრძოლები 3 აგვისტოს დამანგრეველ, შემზარავ მოვლენებს "პირველებთან" იხსენებენ. სასწაულებრივად გადარჩენილების ისტორიები სტიქიის ეპიცენტრიდან შოკისმომგვრელია.
ლანა და დავით ჯელაძეებისთვის დღემდე ძალიან რთულია იმ სურათის აღწერა, როგორ ჩამარხა მოვარდნილმა ღვარცოფმა ადამიანები ცოცხლად.
"პირველების" რესპონდენტები პირდაპირ ამბობენ, რომ სამაშველო ვერტმფრენის არსებობის შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა.
მიწის ტალღამ დაგვარტყა, განსაკუთრებით მაშოს და ჩემს ძმას... დაგვარტყა და წაიღო. ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როცა ვუყურებდი, როგორ მიჰქონდა ჩემი ძმა და დისშვილი ამ უბედურებას...
მეწყერში 4 საათის განმავლობაში ვიყავით. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ იქ ყოველ წამს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მე მგონია, რომ (ვერტმფრენი რომ ადგილზე ყოფილიყო) გადარჩებოდნენ. სანამ მიწის მასაში შევვარდებოდით, მანამდე მოვასწარი დამერეკა 112-ში. ისინი მიმეორებდნენ - გადაცემულია, დაელოდეთ, მოვლენ. ვრეკავთ, რამდენ ხანში - 20 წუთში, 15 წუთში, რამდენი თხუთმეტი წუთი გავიდა არ ვიცი.
ჩემს მეგობარს რომ დავურეკე, ამბროლაურიდან აქამდე თვითმფრინავის მოსვლას 10 წუთი უნდა, მეტი არა, მეთქი სად არიან, რას მატყუებთ?!
ერთი, რაც ყველაზე მეტად მახსოვს, ხიდს სანამ წაიღებდა, იქ იყო დიდი ხე, დავინახე როგორ შევარდა იქ ბიჭი, ხის შუა ნაწილამდე ავიდა, რომ გავიხედე, ცოტა ხანში არც ბიჭი იყო არც ხე.
ალბათ, ასეთი რაღაცების პრევენცია შეიძლება. ეს იყო უდიდესი მასა, რომელიც ერთ დღეში ვერ დაგროვდება"- ამბობს ლანა ჯელაძე.
დავით ჯელაძე, რომლის ფოტოც შოვის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა დის მსგავსად ამბობს, რომ სამაშველო ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანა და გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა:
"მაშო რომ გადამყავდა იმ დიდ, საშინელ გზაზე, შუაში, ხეზე რომ ვიყავით გაჩერებული, მაშოს რომ ვუთხარი, იმ ხესთან მიდი და გაჩერდითქო, ქვემოდან ადამიანის განწირული ხმა ისმოდა, თუმცა ვერავის ვხედავდი, რადგან დაბლა სულ მიწა იყო...
რაჭას რომ ყოლოდა ვერტმფრენი, ოღონც ჩვეულებრივი არა, სამაშველო უნდა ყოფილიყო. ჩვეულებრივი ვერ დაგვეხმარებოდა" - აცხადებს დავით ჯელაძე.