უშველეთ ბავშვებს, დარწმუნებული ვარ, საგანგაშო ვითარებაა - დეკანოზი თამაზი ნინოწმინდაზე

01.06.21 15:51
 უშველეთ ბავშვებს, დარწმუნებული ვარ, საგანგაშო ვითარებაა - დეკანოზი თამაზი ნინოწმინდაზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, სიმბოლურად, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, საკუთარ ხმას უერთებს იმ განგაშს, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივაა ატეხილი. დეკანოზი მიიჩნევს, რომ პანსიონში მართლაც საგანგაშო ვითარებაა და სახელმწიფო ინსტიტუტებს მოოწოდებს, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ბავშვთა მდგომარეობის დასადგენად.

გონივრული ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან ბავშვები და სასწრაფოდ ჭირდებათ შველა. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთ. ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მითუმეტეს როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე. ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?!

მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?! თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და სასიკეთოდ შევცვალო ბავშვების მდგომარეობა. რადგან ამ ყველაფერს კატეგორიულად და პანიკურად ეწინააღმდეგება მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და სასწრაფოდ შესამოწმებელია. 1 ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, უშველეთ ბავშვებს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწარაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონში. ნამახვანზე დიდი პრობლემაა ეს ბავშვები! -  აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სახალხო დამცველს დღემდე არ უშვებენ. გაეროს ბავშვთა ფონდის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო მონიტორინგის ხელშეწყობის საქმეში მონაწილეობას არ იღებს.

მსგავსი სიახლეები