რუსეთის ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსეთის ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს. ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პაველ ასტახოვმა მომხდარის შესახებ რუსულ სამთვრობო პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა. ყოფილი სახალხო დამცველი მესაზღვრეების საქციელს პროვოკაციას და თვითნებობას უწოდებს. პუტინის რეჟიმის ყოფილი ომბუდსმენის თქმით, მას უსამართლოდ მოექცნენ. გაბრაზებულია ფაქტით, რომ ის სომხეთ - საქართველოს საზღვარზე 7 საათი დააყოვნეს და მისი პირადი ნივთები დაათვალიერეს.
ირკვევა, რომ ასტახოვი საქართველოს გავლით თურქეთში აპირებდა გადასვლას, სადაც ნოეს კიდობანთან დაკავშირებულ ფილმს იღებს.
გადამღებ ჯგუფთან ერთად სომხეთში გადავიღეთ მასალა ფილმისთვის ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ, ჩვენ ვკვეთდით სომხეთ-საქართველოს საზღვარს, რათა ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იყო დაგეგმილი გადაღებები. მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაგვაჩერეს თითქმის შვიდი საათით, ჩამოგვართვეს საბუთები და დაათვალიერეს ყველა პირადი ნივთი, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა პროტოკოლზე ქართულ და ინგლისურ ენეზე და საბოლოო ჯამში, ფილმის რეჟისორთან ერთად, ტრანზიტზე საერთოდაც უარი გვითხრეს, - განაცხადა ასტახოვმა რუსულ მედიასთან.
ასტახოვი 2009-2016 წლებში იყო რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში.