ხალხის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა აფხაზეთის მთავრობაში - აუდიტის სამსახურის სკანდალური ანგარიში
აფხაზეთის მთავრობა ბიუჯეტის 74 % -ს ხელფასებზე ხარჯავს და მხოლოდ დარჩენილ ფულს მოახმარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. ხალხის ფულის არამიზნობრივად ხარჯვის სკანდალური ფაქტები აუდიტის სამსახურმა დაადგინა.
ირკვევა, რომ აფხაზეთის მთავრობის მაღალჩინოსნები მივლინებების დროს სასტუმროებში იმაზე ორჯერ უფრო ძვირს იხდიან, ვიდრე კანონით ეკუთვნით. დასვენების დღეებში კი სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილდებიან და ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ბენზინს მოიხმარენ.
ქვეყნის მაკონტროლებელმა ორგანომ აფხაზეთის მთავრობის დევნილთა მომსახურების სააგენტოში გაბერილი შტატებიც აღმოაჩინა. დგინდება, რომ სააგენტოში კანონის გვერდის ავლით მინიმუმ 35 ადამიანი დაასაქმეს, რომელთაც ბიუჯეტიან ჯამში 177 ათასი ლარი გადაუხადეს.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ სახეზეა კორუფციის ნათელი მაგალითი. ბესიკ დონაზე პირდაპირ ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანების პასუხისგების საკითხი უნდა დადგეს.
საგანგაშო დასკვნა დადო აუდიტის სამსახურმა, მაგრამ ფაქტია ის, რომ წლების განმავლობაში რასაც ვიძახდით, ის დაადასტურა აუდიტის სამსახურმა, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებული ჰყავთ იმაზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად გაფორმებული ჰყავთ იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე საჭიროებაა. ეს ადამიანები სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს მოიხმარენ ისე, როგორც საკუთარ ჯიბის ფულს. ერთადერთი დარჩა ის, რომ ოჯახის წევრებს პირდაპირ ბარათებზე გადაურიცხონ თანხა, სხვა დანარჩენს ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები. ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, სხვა შემთხვევაში აღნიშნულ დასკვნებს არანაირი ძალა არ ექნება, - ამბობს ბესიკ დონაძე.
ადამიანები, რომლებიც დევნილების პრობლემებს კარგად იცნობენ, პირდაპირ ამბობენ, რომ სააგენტოში არჩევნებისთვის მზადებაა დაწყებული. სწორედ ამას უკავშირება პარტიული აქტივის დასაქმებაც. მათი თქმით, ამ ყველაფრის შესახებ გამოძიებამაც იცის, უმცა არაერთი ფაქტის მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა.
დაიწყო საარჩევნო მარათონი და შესაბამისად, მმართველი პარტია ცდილობს ასეთი გზებით, მათ შორის, თავისდამი ლოიალური ხალხი გააჩინოს ამომრჩეველთა შორის. დელეგირება ერთგვარი მოვალეობებისა, აკისრებენ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, იქ დადიან ყავის დასალევად და ერთი მაგიდიდან მეორე ფურცლის გადასადებად. მეტს არაფერს აკეთებენ. აუდიტის სამსახური აქვეყნებს ამ დასკვნებს, მაგერამ შედეგად რა? არაფერი აბსოლუტურად. არავინ არ ისჯება. თუ დასჯიან, ძალიან დაბალი რანგის რომელიმე თანამშრომელს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საიდან ყარს თევზი, - ამბობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია „დენილები დევნილებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა.