შსს-მ ფონიჭალასა და მარნეულში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

10.03.21 14:27
შსს-მ ფონიჭალასა და მარნეულში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში, 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. 

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები- 45 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.