ნინოწმინდის პანსიონში გამოძიებები დაწყებულია ძალადობისა და უფრო მძიმე დანაშაულებზეც - ომბუდსმენი
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
წლების განმავლობაში არის დაწყებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლებით, არის კიდევ უფრო მძიმე მუხლი ერთ-ერთ საქმეში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარმა დატოვა პანსიონი და ამის შემდეგ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს არ აქვთ საშუალება, რომ სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინება გააკეთონ. დაწყებული გამოძიებები არ ეხება მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებებს და არის უფრო მძიმე დანაშაულებზე საუბარი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, დროულად მოხდეს მონიტორინგი. ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ძალით შესვლას არ აპირებს, თუმცა სამართლებრივი გზით შეეცდებიან, დროულად მოხდეს მონიტორინგი.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დრომდე არცერთი უწყების თანამშრომლებს მონიტორინგის მიზნით არ უშვებენ. ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ბავშვთა დაწესებულებაში არ უშვებენ.
გადაწყვეტილება მეუფე სპირიდონმა მიიღო. მისი თქმით, სახალხო დამცველის შესვლა ბავშვებთან ცუდ გავლენას იქონიებს, რადგან ომბუდსმენი, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს, მისთვის მიუღებელია.
25 მაისს ნინოწნიმდის პანსიონში პრორუსული მედია ,,ალტ ინფო" შეუშვეს.
"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" – ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გუშინ გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველის შეშვება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებას საპატრიარქოს წინააღმდეგ წასვლის ეშინია და არასამთავრობო ორგანიზაციებს ბავშვთა უფლებების დაცვაში ხელს უშლის.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 8 სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდია.