წუხანდელი ნალექის რაოდენობამ 2 ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისის ნალექების რაოდენობას - კალაძე
წვიმის შედეგად დედაქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერმა მთავორბის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მსგავის უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს და ასეთი უხვი ნალექი 2015 წლის 3 ივნისსაც კი არ ყოფილა. ამასთან, მერი ირწმუნება, რომ პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისმა სამსახურებმა დროული და სწრაფი რეაგირება მოახდინეს.
ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულიად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები, იმიტომ, რომ როდესაც ხდება ამინდის ცვლილება, მაშინვე ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების მხრიდან, შესაბამისი სამსახურების მხრიდან და ამჯერადაც, რა თქმა უნდა, რეაგირება ჩვენი მხრიდან იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2 ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. თან, როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია და სხვა და სხვა უბნებში შექმნა გარკვეული პრობლემები, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოვაჭრეები სანიაღვრე სისტემების დაბინძურებაში დაადანაშაულა და მეტი დამაჯერებლობისთვის ვიდეოები ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა.
ამასთან, კახა კალაძე აღიარებს, რომ დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობს.
განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს დედაქალაქში... ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას, რა თქმა უნდა, პირველები ვამბობთ ჩვენ და შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოვაწესრიგოთ, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა დასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.