გორში გარემოვაჭრეებს დახლები წაართვეს - რამდენიმე მოვაჭრეს ექიმების დახმარება დასჭირდა
ხმაური და დაპირისპირება გორში - დილიდან ქუჩაში გასულ გარემოვაჭრეებს დახლები ხელიდან გამოსტაცეს. რამდენიმე მოვაჭრეს ექიმების დახმარება დასჭირდა.
მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები ლუკმა პურის ფულის საშოვნელად ქუჩაში გასულ ადამიანებს ლამის ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ. გურამიშვილის ქუჩაზე დილიდან მძიმე ვითარება იყო. ერთ მხარეს მოვაჭრეები იდგნენ, მეორე მხარეს კი მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც სახელდახელოდ დამზადებული დახლები ჰქონდათ დაპატიმრებული.
გარემოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ მათ ვაჭრობის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ და მუნიციპალური ინსპექცია მათ ულუკმაპუროდ ტოვებს.
საქართველოს დედა აღარა ჰყავს, მილიონერებისაა საქართველო, მე მშიერი ვარ და ვდგავარ იმიტომ, ჩემი შვილები მშივრები იქნებიან მე რომ არ ვიმუშაო, იცით რა გაჭირვებული ცხოვრებაა, ცუდად ვარ მე. ხეობაში ვცხოვრობდი ორი სახლი წამართვეს დამინგრიეს, მთაში ცხოვრობდა მამაჩემი გამოაგდეს, ერგნეთში ვცხოვრობდი გამომაგდეს, ცხინვალში ვმუშაობდი გამომაგდეს, აგერ აქ ვიდექი იქიდანაც გამომაგდეს, ახლა აქ ვდგავარ და აქედან მაგდებენ", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურამიშვილის ქუჩიდან გარემოვაჭრეები ჯერ კიდევ 19 აგვისტოს აყარეს, მოგვიანებით გარემოვაჭრეებს მერიამ სამი სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა ვაჭრობისთვის, თუმცა გარე მოვაჭრეები აცხადებენ, რომ სხვა ლოკაციებზე ხალხი უბრალოდ არ დადის აქედან გამომდინარე, მათ ვაჭრობა არ აქვთ.