მთავრობა შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობენ. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მგლოვიარე ხალხს ფსიქოლოგების კონსულტაციები და ფსიქოთერაპიული სეანსები დაუფინანსოს.
1 თვე არის ის პერიოდი, რის შემდეგაც უფრო მაღალი ალბათობით შეიძლება გამოვლინდეს ფსიქოლოგიური პრობლემები, ამდენად მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონმაღალკვალიფიცური ფსიქოლოგის დახმარება. ასევე გათვალისწინებულია ფსიქიატრის და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით უზრუნველყოფა.ფსიქოლოგიური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციისთვის იმ პირების, ვინც გადაიტანა ასეთი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრები კი მომხდარის დროულად გამოძიებას და კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვენ. დაზარალებულების უფლებდამცველები მოითხოვენ გამოძიება სამოხელეო დანაშაულთან და ასევე განსაცდელში ადამიანის მიტოვების მიმართულებით დაიწყოს. ითხოვენ, გამოძიება პროკურატურამ გადაიბაროს და საქმეს ახალი მუხლი დაემატოს. აღნიშნული თხოვნით მათ ჯერ პროკურატურას, შემდეგ კი მის ზემდგომ პროკურორს მიმართეს, დღეს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
"ქართული ოცნება" კი აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს ვერ ხედავს. მამუკა მდინარაძე ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ ოპონენტები ტრაგედიით სარგებლობენ.
მე გირჩევდით, რომ ყველა გაერკვეს საპროცესო საკითხებში., უმარტივეს საკითხებში. მე არ ვსარგებლობ, ამ შემთხვევაში, ჩემი პროფესიით. იძიებს შესაბამისი ორგანი, შსს, სავარაუდო მუხლს და თქვენ რომ ყიდით ხოლმე ისე არა, რაღაც მტკიცებით ფორმატში და მასზე ზედამხედველობას, როგორც ყველა გამოძიებაზე, იმიტომ, რომ პროცესუალური ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რა არის? ყველაზე სამწუხარო ამ ქვეყანაში არის ის, რომ ტრაგედიით სარგებლობა ხდება ჩვენი ოპონენტების მიერ, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ამ დროისათვის შსს-ს გამოძიება ორი მუხლით აქვს აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.