ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია - ზურა ჯაფარიძე

03.06.21 10:38
ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია - ზურა ჯაფარიძე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში აფიქსირებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც სრულად დახურულ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და რუსეთის ბასტიონს წარმოადგენს. 

ზურა ჯაფარიძე თვლის, რომ ქვეყანაში კონკორდატი და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობას ბაშვების სიცოცხლეები უპრობლემოდ  ეწირება. 

ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია.
პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში
კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი, ხელახლა გაქრისტიანდეს.
სხვა ყველაფერი, მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი
დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით,
- წერს ჯაფარიძე. 
 

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დრომდე არცერთი უწყების თანამშრომლებს მონიტორინგის მიზნით არ უშვებენ. ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ბავშვთა დაწესებულების მონიტორინგის უფლებას არ აძლევენ.

 გადაწყვეტილება მეუფე  სპირიდონმა მიიღო. მისი თქმით, სახალხო დამცველის შესვლა ბავშვებთან ცუდ გავლენას იქონიებს, რადგან ომბუდსმენი, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს, მათთვის მიუღებელია.