სოფელ ვეჯინში 35 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაწვეს

08.09.23 12:39
სოფელ ვეჯინში 35 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაწვეს

გურჯაანის სოფელ ვეჯინში მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაწვეს. სახლი 35 წლის ბექა ჯანიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, კოლა გაბიტაშვილს ეკუთვნოდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის დროს სრულად განადგურებულია სახლის ორივე სართული.

ღამე იყო და ხმაური იყო, ჭექა-ქუხილი გვეგონა, მაგრამ მერე დავინახეთ რომ სახლი იწვოდა. გამოვიძახეთ სახანძრო, პოლიციაც მოვიდა, მაგრამ უკვე დამწვარი იყო სრულად ორივე სართული. არ ვიცით, რა მოხდა ვერაფერს ვიტყვით", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს 35 წლის ჯანიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის კოლა გაბიტაშვილია. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.