ექსკლუზივი: ვის კისერზეა შოვის ტრაგედია - ჟურნალისტური გამოძიება

09.09.23 20:31
ექსკლუზივი: ვის კისერზეა შოვის ტრაგედია - ჟურნალისტური გამოძიება

 

ვის კისერზეა შოვის ტრაგედია? - გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფი, "შაბათის ეთერს" უდასტურებს "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ სტიქიის წინა დღეს, 2 აგვისტოს, მისმა უწყებამ ხელმწიფეო უწყებებს მესჯები დაუგზავნა და გააფრთხილა, რომ დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება. 

ჩინოვნიკებისთვის გაგზავნილი გამაფრთხილებელი შეტყობინების ფოტო ასლი, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, სადაც  გარკვევით იკითხება, რომ საგანგაშო პროგნოზთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტო აგზავნის რეკომენდაციებსაც, რა უნდა გააკეთონ შესაბამისმა უწყებებმა იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილონ. 

რა გააკეთეს სამთავრობო უწყებებმა მას შემდეგ, რაც ეს ოფიციალური გაფრთხილება მიიღეს? - მთავრობიდან ვინმე კომპეტენტურ ადამიანს, ამ SMS შეტყობინების მიღების შემდეგ, სტიქიური და გეოლოგიური პროცესების საშიშროების ამსახველი რუკისთვის რომ დაეხედა, დაინახავდა, რომ შოვი გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს წითლად აქვს მონიშნული. ამ რუკას თან ახლავს განმარტებაც, რომ ღვარცოფული პროცესები საშიშროებას უქმნის კურორტ შოვის ინფრასტრუქტურას და რომ რისკებიც მაღალია, თუმცა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ეს არავინ გააკეთა და სტიქიამ შოვში 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

ასეთ დროს ევაკუაციის გამოცხადება ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა,  თუმცა მეწყერსაშიშ ზონაში მყოფებს, ინსტრუქციაც კი არ ჰქონდათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ღვარცოფის დაძვრის შემთხვევაში. შემაღლებულ ადგილამდე მიღწევა რომ ამ დროს  გადარჩენის ერთადერთი შანსია, როგორც ჩანს, დაზარალებულთა და გარდაცვლილთა უმეტესობისთვის არავის უთქვამს. 

სტიქიის ზონაში 4 აგვისტოს ჩასული მოხალისე, დანიელ ბულკაშვილი "შაბათის" ეთერს სკანდალურ ამბავს უყვება - ბულკაშვილი და "შაბათის ეთერის" სხვა რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, პოლიციამ შენიშნა და ზემდგომებსაც გადასცემდა რომ ბუბას მთა კლდე იშლებოდა, თუმცა ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ადგილობრივებს მონაყოლის თანახმად, სწორედ მთიდან მოწყვეტილი მასა გახდა შოვის ტრაგედიის მიზეზი.

ირკვევა ისიც, რომ გამქრალია გამქრალია, ფოტოები, სადაც აღბეჭდილი უნდა იყოს, რა ვითარებაში იპოვეს ცხედრები შოვში. 

ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიკვდილის კონკრეტული მიზეზის დასადგენად და იმის გასარკვევად, დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მათი გადარჩენა?! 

"შაბათის ეთერთან" ის ადამიანებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც სტიქიური უბედურების შუაგულში იყო - ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ტერიტორიას თერმული დრონებით ათვალიერებდა და 4 აგვისტოს დილით, მინიმუმ სამ ადგილას დააფიქსირა ცოცხალი ორგანიზმები, ძალოვნების სამიზნე გახდა. ფოტოების გავრცელების შემდეგ, მათ  სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუშაობა აუკრძალა. 

ეს ყველაფერი არ არის, "შაბათის" ეთერის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შოვის ტრაგედიის დღეს, ზუსტად მაშინ, როდესაც ლაფში ჩამარხული ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად ვერტმფრენი 3 საათის განმავლობაში ვერ მოიძებნა, მცხეთაში, რესტორან "მარანი ჰოლში", მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იუბილეს აღნიშნავდნენ. იმ დროს, როდესაც, ჩვენი ინფორმაციით, მარანი ჰოლში სახელმწიფო მოხელეები, წვეულებას მართავდნენ, შოვში, ტალახში ჩარჩენილები შველას, მათი ოჯახის წევრები კი შვილების, ცოლების, ქმრების, დებისა და ძმების გამოყვანას ელოდნენ. 

მსგავსი სიახლეები