ჩავარდნილი და დაზიანებული საავტომობილო გზა თემქაზე - მოსახლეობა შველას ითხოვს

10.09.23 17:28
ჩავარდნილი და დაზიანებული საავტომობილო გზა თემქაზე - მოსახლეობა შველას ითხოვს

ჩავარდნილი და დაზიანებული საავტომობილო გზა თემქაზე.  რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ გზის სავალი ნაწილი მას შემდეგ დაინგრა, რაც მერიამ გზის გვერდით არსებულ ხევში დაიწყო სამუშაოები. როგორც ირკვევა მერია იქ სკვერის მოწყობას აპირებს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიის ნებართვით ქუჩაზე შეიყვანეს მძიმე ტექნიკა და ჩამოშალეს ფერდობი, რამაც ცენტრალური გზის ნაწილიც ჩაიყოლა. 

უკვე ოთხი თვეა ადგილობრივი მოსახლეობა გზის აღდგენას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. დაზიანებული მონაკვეთის გამო, თვეებია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი შემოვლითი გზებით დადის, ეს კი  ვიწრო ქუჩებზე დაუსრულებელ საცობებს ქმნის.

გზის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელია მერია და ნაძალადევის გამგეობა, სადაც "პირველებს" წერილობით უპასუხეს. გამგეობა "ჯივიპის" აბრალებს მიწის ჩამოშლას, აცხადებენ რომ წყლის მილი დაზიანდა და "ჯივიპის" სამუშაოებმა შეუწყო ხელი მიწის ჩამოშლას, თუმცა ადგილზე მომუშავე "ჯივიპის" თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამუშაოებს გზის ჩამოშლასთან კავშირი არ აქვთ.

"სარაჯიშვილიდან აქ ამომსვლელს 40 წუთი სჭირდება. დილით სამსახურში ვინც მიდის ისინი რა დღეში არიან არ ვიცი. ივნისში დაიყო სამუშაოები, აგვისტოში თითქოს გაკეთდა, სექტემბერი სწავლა დაიყო და ისევ იგივეა. არ ვიცი ბავშვები როგორ ივლიან. ამბობენ, პარკი რომ კეთდება მაგიტოა ასეო. მიწა მოხსნეს და ჩაინგრა. ამბობენ რომ მცოცავი მიწააო". - ამბობს ადგილობრივი.

კორუფცია, არაპროფესიონალიზმი და ნეპოტიზმი - ამ სამ ფაქტორს უკავშირებს საკრებულოს ოპოზიცია თემქაზე არსებულ მდგომარეობას. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისის მერია იწყებს კონკრეტულ სამუშაოებს და ამის გამო დედაქალაქში დამატებითი პრობლემები იქმენბა. 

მსგავსი სიახლეები