18 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროვებაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი 300 ლარით დააჯარიმეს

03.06.21 14:22
18 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროვებაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი 300 ლარით დააჯარიმეს

50 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც 18 წლის ქალი სექსუალურად შეავიწროვა, სასამართლომ 300 ლარით დააჯარიმა.  მოსამართლემ ბრალდებული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. 

თბილისში ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგონა სექსუალურად რამდენიმე დღის წინ შეავიწროვა. მარიამ ბეგიაშვილი აცხადებს, რომ 50 წლამდე კაცმა მის მიმართ სექსუალური შევიწროვება განახორციელა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ქცევით.

18 წლის გოგო ჰყვება, რომ მამაკაცი სექსუალური ხასიათის ფრაზებს იყენებდა, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკურადაც შეეხო, რამაც ახალგაზრდა ქალს მგზავრობისას დამამცირებელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა.

საქმის მასალებში დევს აუდიო ჩანაწერიც, რომელიც ქალმა მგზავრობისას ჩაიწერა.

დაზარალებული მგზავრობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ტაქსის მძღოლი მას ფიზიკურადაც შეეხო.