ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე გზის დაბზარული ნაწილის ჩამოშლა ხელოვნურად მოხდა - დეპარტამენტი
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე გზის დაბზარული ნაწილის ჩამოშლა მიმდინარე სამუშაოების დროს ხელოვნურად მოხდა - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში ამბობენ, რომ დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა და გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს.
უწყებაასევე ამტკიცებს, რომ საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე გზის სავალი ნაწილი არ ჩამოშლილა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში. დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა
ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილიდან, სამუშაოების დაწყებამდე გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება," - ნათქვამია განცხადებაში.