ასე ცხოვრება შეუძლებელია - ინფლაცია ხალხის ჯიბეზე საგრძნობლად აისახა

03.06.21 16:17
ასე ცხოვრება შეუძლებელია - ინფლაცია ხალხის ჯიბეზე საგრძნობლად აისახა

ასე ცხოვრება შეუძლებელია -  გაძვირებული ცხოვრება ხალხის ჯიბეებზე საგრძნობლად აისახა. პენსიონერები ამბობენ, რომ მიზერული თანხით წამლებსაც კი ვეღარ ყიდულობენ. შიმშილის ზღვარზე მყოფი მოქალქეები უკიდურეს გაჭირვებზე საუბრობენ. 

საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 8%-ს მიაღწია, რაც ავტომატურად სურსათზე, საწვავსა და მედიკამენტზე გაძვირებულ ფასებს ნიშნავს.

მოიმატა ფასებმა შაქარზე, წიწიბურაზე, წამლებზე, 240 ლარი მაქვს პენსია და ამით გაზი, შუქი, კომუნალურებიც როგორ გადავიხადო? მარტო მოხუცები კი არა, ახალგაზრდებიც ასეთ დღეში არიან - ამბობს თბილისში მცხოვრები პენსიონერი.

ხელისუფლება ფასების ზრდას პანდემიასა და ოპოზიციას აბრალებს. ,,ქართული ოცნების" ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, ინფორმაციით,  პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით უამრავი დრო დაიხარჯა, რომელიც წესით, ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარებოდა. 

მაშინ, როცა პარლამენტს, ხელისუფლება მთელი ენერგია უნდა ჩაედო პსტკოვიდური ეკონომიკის აღდგენაზე, სოციალურ საკითხებზე, 7 თვე პოლიტიკური პროცესებისა და ოპოზიციის  კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩასმას მოვანდომეთ. ეკონომიკური ზრდა, რაც უკვე ფიქსირდება,  ლარის სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და ვაქცინაციის პროცესის წარმატება არის აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღვადგინოთ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ინფლაცია გარდაუვალია.