გურიაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა (ფოტოები ადგილიდან)

11.09.23 19:52
გურიაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა (ფოტოები ადგილიდან)

ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი ახალი  გზა პარალიზებულია.  სოფელ ნაგომარის ტერიტორიაზე ხიდის ჩაინგრა.  ირკვევა, რომ მდინარე ადიდდა და დააზიანა როგორც გზის ნაწილი ისე ხიდი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხალხი აქ სასწაულით გადარჩა, რადგან  ცენტრალურ მაგისტრალზე ყოველ დღე ინტენსიური მოძრაობაა.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

"პირველებმა" ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის კომენტარიც მოიპოვა. მისი განცხადებით, დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი დღის უკან უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა ტერიტორიებზე გამოწვეულია მეწყრული პროცესები, ანალოგიურად, ოზურგეთი-ჩოხატაურის მონაკვეთზე მოხდა გზის ნაწილის ჩაშლა. ხდება ახლა შეფასება და ხვალიდანვე დაიწყება აღდგენაზე მუშაობა.

ყველა სოფელში გეოლოგები არიან ჩართული, ხდება შესწავლა მათ შორის წყლების შეგუბებასთან დაკავშირებით და ა.შ. აბსოლუტურად, სადაც კი საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, არიან გაყვანილები. ხდება ლოკაციების დათვალიერება, გზის აყვანა და წყლისგან დაწრეტა, რათა შემდგომ არ განვითარდეს ცუდი შედეგი იმ კონკრეტულ მონაკვეთზე“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები