ხარაგაულის სოციალური სამსახურის უფროსის შვილმა და სიძემ 2019-23 წლებში 379 ათასი ლარის ტენდერები მოიგეს
ხარაგაულის სოციალური სამსახურის უფროსის, კიაზო გამრეკელაშვილის შვილმა და სიძემ 2019 - 2023 წლებში 379 ათასი ლარის ტენდერები მოიგეს - აღნიშნულ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ პირობებს უქმნის და საბიუჯეტო სახსრებს კორუფციის რისკის ქვეშ განკარგავს.
"კიაზო გამრეკელაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა და პირებმა ხარაგაულში და ზესტაფონში 378, 828 ლარის ტენდერები ან გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.
აგრეთვე, ფიქსირდება სხვადასხვა სოფლის გამგებლების წერილობითი რეკომენდაცია გამრეკელაშვილის ოჯახის წევრებთან ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული.
კიაზო გამრეკელაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობა საბოლოო ჯამში ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ სასათბურე პირობებს უქმნის და საბიუჯეტო სახსრებს კორუფციის რისკის ქვეშ განკარგავს", - "ფლანგვის დეტექტორი".