გვცემდნენ სახაზავებით, რეიტუზებით გვიკრავდნენ თვალებს - ნინოწმინდის ყოფილი აღსაზრდელის შოკისმომგვრელი აღიარება

03.06.21 17:15
გვცემდნენ სახაზავებით, რეიტუზებით გვიკრავდნენ თვალებს - ნინოწმინდის ყოფილი აღსაზრდელის შოკისმომგვრელი აღიარება

წამება ნინოწმინდის პანსიონატში - დაწესებულების ყოფილი ბენეფიციარი "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს ძალადობის შემზარავ ისტორიებს უყვება. 

გვცემდნენ ხის სახაზავებით, იყო ცემა, "რეიკებით", ე.წ. რეიტუზებით გვიკრავდნენ თვალებს, დაჩოქილი გვამყოფებდნენ სიმინდის მარცვლებზე"- აცხადებს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყვება, რომ პანსიონატიდან გაქცევა 90-ჯერ სცადა.

მისი თქმით, ბოლო მცდელობისას კი მას აღმზრდელი დაეწია, ფეხის არეში ნემსი გაუკეთა, რის შემდეგაც მას 4 დღის განმავლობაში ეძინა.

გვაკეთებინებდნენ მეტანიებს, 24 საათი გვაყენებდნენ ბრინჯზე, პურის მარცვლებზე. როცა არ გვეძინებოდა, ციცო გელაშვილი (სავარაუდოდ აღმზღდელი) "რეიტუზით" გვიკრავდა თვალებს. ნახევარ საათში ჩამოგვხედავდა, თუ არ გვეძინა, მთელი დღის განმავლობაში უნდა გვკეთებოდა ეს "რეიტუზი".

ბავშვთა სახლს ადრე ჰქონდა ზევით დენი გაყვანილი, როგორც ციხეში აქვთ, ის 4-მა ბავშვმა გადავჭერით. სამი გადავიდა ღობიდან, მეოთხე მე უნდა ვყოფილიყავი, თუმცა გამიკეთეს დამაძინებელი. 4 დღე მეძინა"- ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანსიონი 5 წლის წინ დატოვა. 

მისი თქმით, სჯიდნენ მაშინაც, როცა არაჰიგიენურად მომზადებული საკვების ჭამაზე უარს ამბობდნენ. 

ხორცი გაუტყავებელი იყო, ზედ ჰქონდა თმა, ამიტომ გადავასხი. პედაგოგმა კი 24 საათი მარცვალზე დაჩოქილი გამათენებინა. სრულიად უმიზეზოდ, როცა წამოუვლიდათ გვეტყოდნენ - ადექი, ბუქნები გააკეთეო. უნდა გაგეკეთებინა, თორე გცემდნენ"- ამბობს ნინოწმინდის ბენეფიციარი, რომელმაც პანსიონატში 15 წელი გაატარა. 

დავით დვალიშვილის ხმაურიან რეპორტაჟს მაყურებელი "ნოდარ მელაძის" შაბათში ნახავს.