პრემიერის მამის ღვინის კომპანიას სამინისტრომ 150,000-ლარიანი შესყიდვა გაუფორმა, დღეს კონტრაქტი წაიშალა

12.09.23 16:57
პრემიერის მამის ღვინის კომპანიას სამინისტრომ 150,000-ლარიანი შესყიდვა გაუფორმა, დღეს კონტრაქტი წაიშალა

რა სახსრებით დააფინანსა ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ჩარტერული რეისი? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პენსიონერ ტარიელ ღარიბაშვილს შვილის თბილისიდან მიუნხენში მგზავრობა თითქმის 100 ათასი ლარი დაუჯდა. 

განცხადებიდან მალევე, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ 29 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა “მოსავლის მართვის კომპანიამ” ირაკლი ღარიბაშვილის მამის ღვინის კომპანიას, “ქართულ ფესვებს” 150 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა.

ირკვევა, რომ შესყიდვა რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა დღეის მდგომარეობით დოკუმენტი არ იძებნება და წაშლილია. 

BMG კომენტარისთვის პრემიერ-მინისტრის მამის კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა ის  მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

“მოსავლის მართვის კომპანიის დირექტორი” პაატა ჭავჭანიძე გამოცემასთან აცხადებს, რომ მათ დედოფლისწყაროს რაიონში არცერთი ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული და რთველის მხარდაჭერას ძირითადად გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდებარე ღვინის ქარხნების მეშვეობით ახდენენ. თუმცა ფაქტია, რომ 29 აგვისტოს მდგომარეობით მოსავლისა მართვის კომპანიასა და შპს “ქართულ ფესვებს” შორის შესაბამისი ხელშეკრულება არსებობდა და ის ორივე მხარის მიერ იყო ხელმოწერილი.

მსგავსი სიახლეები