"ბათუმელები": შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს 586 ათას 501 ლარიანი დეტალის შეცვლა სჭირდება
შოვში, სტიქიის ზონაში მომუშავე სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ ვერტმფრენს, რაჭიდან დაბრუნების შემდეგ ნაწილის შეცვლა სჭრდება, რომელიც 586 ათას 501 ლარი ჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ნაწილის შესაძენად სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა. როგორც ირკვევა, სასაზღვრო პოლიციას კუდა ხრახნი მარაგში არ მოეპოვება.
გამოცემის ცნობითვე, სასაზღვრო პოლიცია კუდა ხრახნის შესყიდვას შპს ''ავიასერვისისგან'' გეგმავს.
„Ми-8 МТВ-1 ტიპის შვეულმფრენი, ბორტი GBP-10009, იღებდა მონაწილეობას ონის რაიონში (შოვი) მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მომხდარი სტიქიის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.
ონის რაიონიდან (შოვი) დაბრუნების შემდეგ, კუდა ხრახნის მილისას, ღერძულა სახსრის (წითელი) შემამჭიდროებელი რეზინიდან შეინიშნება ზეთის ჟონვა, რაც გამოიწვევს შვეულმფრენის GBP-10009 გაჩერებას გაურკვეველი ვადით.
ზემოთ აღნიშნული საფრენი აპარატით ხორციელდება: სამაშველო სამუშაოები, სამთავრობო ფრენები და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების როტაციები. აქედან გამომდინარე საფრენი აპარატის გაჩერება გამოიწვევს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის საქმიანობის შეფერხებით მუშაობას. აქვე მოგახსენებთ, რომ საავიაციო მარაგებში კუდა ხრახნი არ გაგვაჩნია.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელონ შესაბამისი პროცედურები კუდა ხრახნის 246-3904-000 სერია „01“ კომპლექტის, ლოპოტებით 246-3925-00 უმოკლეს ვადებში შესაძენად.“ – აღნიშნულია სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისადმი გაგზავნილ პატაკში.